"მათხოვარმა ქალმა  დედის  სითბო  მაჩუქა"

 www.sana.ge 

2014-07-07 00:03:38

Share on twitterShare|

 

 

https://proxy.imgsmail.ru/?h=Gzucb2RAvc_R9KGstLLAXw&e=1408174352&url171=d3d3LnNhbmEuZ2UvaW1nL3BsdXMuanBnhttps://proxy.imgsmail.ru/?h=Pv-755M3G9RpoM9Q1zyvfg&e=1408174352&url171=d3d3LnNhbmEuZ2UvaW1nL21pbnVzLmpwZw~~




მინდა, ერთი უცნაური ამბავი მოგიყვეთ, რომელიც თავს გადამხდა. ყველაფერი დიდი ტკივილით დაიწყო. დედაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა, მართალია, ასაკში იყო შესული, მაგრამ თავს კარგად გრძნობდა, მთელი ოჯახი მას ებარა, ყველაფერს ის აკეთებდა. ერთ დღეს კი ცუდად გახდა და ორი დღის შემდეგ სამუდამოდ დაგვტოვა. დედის გარდაცვალება ყველასთვის მძიმეა, მაგრამ ჩემმა ფსიქიკამ ეს დარტყმა განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანა. ისეთი ნევროზი დამემართა, სამსახურსაც კი თავი დავანებე, სახლში ჩავიკეტე. კიდევ კარგი, ჩემი შვილები უკვე დაფრთიანებულები იყვნენ და საკუთარი თავის მიხედვას ახერხებდნენ, თორემ მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ისინიც არ მახსოვდა. 
ახლობლები ჩამჩიჩინებდნენ, რომ თავი ამეყვანა ხელში და ცხოვრებას დავბრუნებოდი, მაგრამ არ გამომდიოდა. თანდათან დავბეჩავდი, ფსიქოტროპულმა წამლებმა ხომ საერთოდ არაამქვეყნიური გამხადა, ლანდივით დავდიოდი. მოგეხსენებათ, ქმრები ასეთ დაბეჩავებულ ცოლებს დიდხანს ვერ უძლებენ და ჩემმა მეუღლემაც სხვა ქალებისკენ გაიხედა. ჩემი ოჯახი უკვე დანგრევის პირას იყო, როცა დეიდაშვილი მოვიდა სახლში, თავისი ხელით ჩამაცვა და გარეთ ძალით გამიყვანა. ჩემი დეიდაშვილი კაცია და წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. მახსოვს, მანქანაში რომ ჩამსვა, როგორ ვტიროდი, როგორ ვცდილობდი, რომ იქიდან გადმოვმხტარიყავი. ვეუბნებოდი, ცუდად ვარ, ახლა შენს მანქანაში მოვკვდები–მეთქი. მიყვირა, მოკვდი და პირდაპირ სასაფლაოზე აგიყვან, მერე კი დეიდაჩემის გვერდით დაგმარხავო. ჩემი სახლიდან კარგად მოშორებით წამიყვანა და იქ ჩამომსვა. მითხრა, ახლა შენ თვითონ წადი სახლშიო. ფული არ მქონდა, ამიტომ ფეხით უნდა გამევლო. ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში ჩავვარდი. უცებ ვიფიქრე, სახლში მივასწრო, ქუჩაში რამე არ დამემართოს–მეთქი და ლამის სირბილით გავქანდი სახლისკენ. ჩემი დეიდაშვილი ახლა იხსენებს, უკან მოგყვებოდი მანქანით და გხედავდი, ვითომ მომაკვდავი, როგორ გარბოდიო. 
მეორე დღეს ჩემმა შვილმა გამიკეთა იგივე და ასე თანდათან ავიდგი ფეხი. გარეთ გავდიოდი და პროდუქტებს მე ვყიდულობდი, სადილსაც ვამზადებდი. თან ყველას თავს ვაცოდებდი, რომ მომაკვდავ ქალს ასე მეპყრობოდნენ. 
ერთ დღეს მაღაზიასთან ქალი შევნიშნე, რომელსაც ერთჯერადი ჭიქა ძალიან მორცხვად ეჭირა ხელში, შიგ რამდენიმე ათთეთრიანი ეყარა. ახლოს რომ მივედი და შევხედე, ადგილზე გავქვავდი – დედაჩემის თვალებმა შემომანათა. სახის ნაკვთებიც თითქოს დედაჩემისნაირი ჰქონდა – სათნო და ნაზი. თვალებში კი ცრემლები ედგა. თავი ვერ შევიკავე, გულში ჩავეკარი და ავქვითინდი. თითქოს თვეების დაგროვილი დარდი და ჩემი ავადმყოფობაც ამ ცრემლებს ამოვაყოლე... 
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ქალი ჩემთვის მეორე დედად იქცა. აღმოჩნდა, რომ შვილიშვილმა ყველაფერი გაუყიდა, ნაქირავებში შეიყვანა და პენსიის ფულს ბინის ქირაზე ამატებინებდა. თანაც საშინლად ექცეოდა. გაჭირვებამ ინტელიგენტი ქალი ქუჩაში სამათხოვროდ გამოიყვანა. სახლში წავიყვანე, ქმარ–შვილს გამოვუცხადე, რაც გინდათ, თქვით, მაგრამ ეს აქ იცხოვრებს–მეთქი. მალე მათაც ძალიან შეუყვარდათ. ახლაც თავზე დაჰფოფინებენ. ისიც წელში გაიმართა, თითქოს წლები მოაკლდა, გაახალგაზრდავდა და ჩემს ოჯახს ისევე გადაეფარა, როგორც თავის დროზე დედაჩემი იქცეოდა. დედის სითბო თავიდან მაჩუქა, უზომოდ მიყვარს. რაც ჩემს დედიკოს დავაკელი, მინდა, მას მივცე. ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა, სამსახურში გავედი, ქმარსაც ყურადღებას ვაქცევ და შვილებსაც. მგონია, დედამ მშველელი გამომიგზავნა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ამ ქალის სხეულში ჩემი დედიკოს სული ჩასახლდა. ქცევებითაც ჰგავს და საჭმელებსაც თითქოს მისი ხელი ეტყობა. მადლობა უფალს იმისთვის, რომ არ გამწირა და მხსნელი მომივლინა. 
"სარკის" ერთგული მკითხველი